ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
მორიგი სიცრუეა ადვოკატის განცხადება, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი covid-19-ით პენიტენციურ დაწესებულებაში დაინფიცირდა

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაინფიცირდა covid-19-ით და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით მოთავსდა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ადვოკატი კიდევ ერთხელ ცრუობს და ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მიზნით.


სინამდვილეში ადვოკატ კობაიძის დაცვის ქვეშ მყოფი გ. გ, რომელიც სამართალდამცავებმა საქართველოს სსკ 126-ე (ძალადობა) მუხლით დააკავეს, N8 დაწესებულებაში საერთოდ არ მოხვედრილა. ვირუსის პრევენციის მიზნით პენიტენციურ სისტემაში დადგენილი წესის შესაბამისად, ბრალდებული 2020 წლის 20 ნოემბერს მოთავსდა N8 დაწესებულების საკარანტინე სივრცეში, საიდანაც 26 ნოემბერს, ფსიქიატრის რეკომენდაციით, გადაყვანილი იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ეროვნულ ცენტრში. სამოქალაქო კლინიკიდან ბრალდებული 7 დეკემბერს გადაყვანილ იქნა N18 პენიტენციური (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც პენიტენციურ სისტემაში ვირუსის პრევენციის მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად, დაწესებულების პერიმეტრის გარეთ სპეციალურად მოწყობილ სამედიცინო პუნქტში გაუკეთდა სწრაფი ტესტი და დაფიქსირდა დადებითი პასუხი. ამიტომ ბრალდებული დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, საიდანაც 2021 წლის 5 იანვარს ბრალდებული გათავისუფლდა გირაოს საფუძველზე.


შესაბამისად, ადვოკატ კობაიძის მტკიცება, რომ ბრალდებულს N8 დაწესებულებაში დაუდასტურდა covid-19, მორიგი სიცრუეა და მიზნად ისახავს პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციას. სპეციალური პენიტენციური სამსახური თითქმის ერთი წელია, კომპლექსურ სამუშაოებს ატარებს ციხეებში covid-19-ის პრევენციის მიზნით. ასევე მუდმივ რეჟიმში აწვდის საზოგადოებას სრულ, გადამოწმებულ და დაზუსტებულ ინფორმაციას სისტემაში მიმდინარე პროცესების, მათ შორის, covid-19-ის პრევენციისა და მისი კონტროლის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შესახებ.

06.01.2021
გოჩა ლორთქიფანიძე: „პენიტენციურ სისტემაში ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს“
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ პენიტენციურ სისტემაში არსებულ სიტუაციაზე გააკეთა განცხადება.
06.01.2021
ქსნის პენიტენციურ დაწესებულებაში covid-19-ით პატიმრის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სიცრუეა

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს - "ქსნის კოლონიაში პატიმარი ა.გ კოვიდინფექციით გარდაიცვალა, გვიან გადაიყვანეს საავადმყოფოში! ოჯახს აუკრძალეს ამ თემაზე საუბარი!"


ჟურნალისტი სავარაუდოდ გულისხმობს მსჯავრდებულს, რომლის შესახებაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება მიმდინარე წლის 1-ლ იანვარს გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებული ა.გ. რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე გადაყვანილი იყო სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა სწრაფი ტესტი ანტიგენზე და პასუხი იყო დადებითი. მსჯავრდებულის მდგომარეობა იყო სტაბილური და უტარდებოდა სიმპტომური მკურნალობა, თუმცა კლინიკაში გადაყვანიდან მეშვიდე დღეს, 1-ლ იანვარს მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. დადგენილი წესის შესაბამისად, იმავე დღეს, 1 იანვარს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიზეზით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის გადაწყვეტილებით მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისგან გათავისუფლდა. როგორც პენიტენციური სამსახურისთვის არის ცნობილი, პატიმრობიდან გათავისუფლებული მოცემული პირი, კლინიკაში გარდაიცვალა, თუმცა პენიტენციური სამსახურის უყურადღებობაში დადანაშაულება სრულიად უადგილოა, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, მოცემული პირი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სათანადო მკურნალობას გადიოდა.


აღსანიშნავია, რომ ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში არიან გადაყვანილები მოცემულ მსჯავრდებულთან კონტაქტში მყოფი მსჯავრდებულები, რომლებსაც არც covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ და მათი ტესტირების პასუხებიც უარყოფითია, თუმცა ისინი ამჟამად კვლავ კლინიკაში მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათი დაბრუნება სასჯელის მოხდის ადგილზე მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კლინიკაში საკარანტინო პერიოდს გაატარებენ და ამის შემდეგ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება.

05.01.2021
ქალი პატიმრები, რომლებსაც ინტენსიური PCR ტესტირების შედეგად covid-19 აღმოაჩნდათ, უსიმპტომოები არიან და თავს კარგად გრძნობენ

ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 2020 წლის 31 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო. 31 დეკემბერს N11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 22 მსჯავრდებულს ჩაუტარდა PCR ტესტირება და ყველა პასუხი უარყოფითი იყო.


2021 წლის 3 იანვარს PCR ტესტირება N5 პენიტენციური (ქალთა) დაწესებულებაში მყოფ 329 ბრალდებულ/მსჯავრდებულს ჩაუტარდა. მათგან 23 პატიმრის ტესტის პასუხი იყო დადებითი, თუმცა არც ერთ მათგანს covid-19-ისთვის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ აქვს, თავს კარგად გრძნობენ და შესაბამისად, ისინი დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან იზოლირებულად, დაწესებულების საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებულები და მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ასევე, სხვა პატიმრებისგან (მათ შორის კოვიდინფიცირებულებისგან) იზოლირებულად არიან მოთავსებულები ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი პატიმრები, რომელთა ტესტების პასუხები იყო უარყოფითი.
ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მათაც არ აღენიშნებათ, თუმცა ისინიც მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.


რაც შეეხება დაწესებულების თანამშრომლებს, ისინი სამუშაო ადგილზე ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანები, ბახილები და ა.შ.) არიან აღჭურვილები. ამასთან, კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში, 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტით მოწმდებიან.


აღსანიშნავია, რომ N5 დაწესებულებაში მყოფი 329 პატიმარი PCR ტესტირებიდან 14 დღის გასვლის შემდეგ კვლავ გაივლის PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში, ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ტესტით შემოწმდებიან იმისთვის, რომ ვირუსის არსებობის შემთხვევაში ადრეულ სტადიაზე მოხდეს მისი დიაგნოსტირება. ამასთან, ყველა პატიმარს მისი საჭიროების შესაბამისი სამედიცინო მომსახურება გაეწევა.


სპეციალური პენიტენციური სამსახური აგრძელებს ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიურ PCR ტესტირებას და უახლოეს პერიოდში ეს პროცესი ყველა პენიტენციურ დაწესებულებას მოიცავს.

 

05.01.2021
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო
2020 წლის 31 დეკემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმრების ინტენსიური PCR ტესტირება დაიწყო.
31 დეკემბერს N11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციური დაწესებულების 22 მსჯავრდებულს ჩაუტარდა PCR ტესტირება და ყველა ტესტის პასუხი იყო უარყოფითი. მიმდინარე წლის 4 იანვარს დაგეგმილია N5 (ქალთა) პენიტენციური დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის PCR ტესტირების ჩატარება და ეტაპობრივად ტესტირება ყველა პენიტენციური დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებულებს გაუკეთდებათ. შეგახსენებთ, covid-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის მარტიდან პენიტენციური სამსახური კომპლექსურ ზომებს მიმართავს. ამ პერიოდიდან ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ შეიცვალა სისტემის მართვის მოდელი და თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკები. ამ ეტაპზე, ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ პრევენციის მიზნით, უნდა მოხდეს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის PCR ტესტების გაკეთება. აქამდე ხდებოდა ახალდაკავებული ბრალდებულების PCR ტესტირება სპეციალურ საკარანტინო სივრცეში საკარანტინო პერიოდის გატარების შემდეგ და მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდება ასეთი პატიმრების ე.წ. მიმღებ ციხეებში მოთავსება. ამ პრევენციულმა ზომამ კარგად იმუშავა და პენიტენციურ დაწესებულებებში ვირუსი არ დაფიქსირებულა (მხოლოდ საკარანტინო სივრცეში იყო რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა და ყველა ასეთმა პატიმარმა მკურნალობა სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაში გაიარა).

რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებებს, რამდენიმე დაწესებულების საეჭვო სიმპტომის მქონე პატიმრების გადაყვანა ხდებოდა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც PCR ტესტით ხდებოდა მათი ვირუსზე შემოწმება, თუმცა არც ერთი შემთხვევა აქამდე არ დადასტურებულა.

მიუხედავად ამისა, ამ კატეგორიის პატიმრები საკარანტინო პერიოდს და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობას გადიოდნენ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში და მხოლოდ PCR ტესტირების და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ხდებოდა მათი დაბრუნება სასჯელის მოხდის ადგილზე.

ამ ეტაპზე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში 23 ასეთი პატიმარი იმყოფება მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ. ერთ-ერთ მათგანს, N15 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულ ა.გ.-ს ჰქონდა რესპირატორული ინფექციის სიმპტომები, რის საფუძველზეც იგი გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, სადაც გაუკეთდა სწრაფი ტესტი ანტიგენზე და პასუხი იყო დადებითი. მსჯავრდებულის მდგომარეობა იყო სტაბილური და უტარდებოდა სიმპტომური მკურნალობა. მისი მდგომარეობა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში დამძიმდა და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე.

აღსანიშნავია, რომ ასევე სამოქალაქო სექტორის კლინიკაში არიან გადაყვანილები მოცემულ მსჯავრდებულთან კონტაქტში მყოფი მსჯავრდებულები, რომლებსაც არც covid-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ და მათი ტესტირების პასუხებიც უარყოფითია, თუმცა ისინი ამჟამად კვლავ კლინიკაში მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათი დაბრუნება სასჯელის მოხდის ადგილზე მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კლინიკაში საკარანტინო პერიოდს გაატარებენ და ამის შემდეგ ჩაუტარდებათ PCR ტესტირება.

01.01.2021
ქალმა და არასრულწლოვანმა ბრალდებულ/მსჯავრდებულებმა საპატრიარქოსგან საახალწლო ნობათი მიიღეს
ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქომ N11 (არასრულწლოვანთა) პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულებს, ასევე N2 და N8 პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულებს და N5 (ქალთა) დაწესებულების ბრალდებულ/მსჯავრდებულებს საახალწლო ნობათი გაუგზავნა.
31.12.2020
ხანმოკლე პაემნებზე შეზღუდვა 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს, თუმცა ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ამანათების მიღება შეეძლებათ
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ბრალდებულ/მსჯავრდებულებს პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნების უფლება პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუჩერდათ.
31.12.2020
გიორგი პატარიძემ და მიხეილ სარჯველაძემ უვადო მსჯავრდებულებს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები გააცნეს
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ უვადო მსჯავრდებულებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ და საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი გააცნეს.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირისთვის სასჯელის შეცვლის პროცედურების მნიშვნელოვან რეფორმას. კერძოდ, მათთვის შეიქმნება თავისუფლებისათვის მომზადების სპეციალური პროგრამა, რაც კანონით დადგენილ ვადაში, მოსამართლეს ინფორმირებული და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას მისცემს. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პერსპექტივების შექმნას, და ასევე ეს წარმოადგენს ევროპულ სტანდარტს უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების დაცვის კუთხით.

ინფორმაციისთვის, ცვლილებების პროექტი პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონის პროექტთან ერთად არის წარდგენილი და პირველი მოსმენით იხილება.
30.12.2020
ვერც თეა წულუკიანი და ვერც მისი მოადგილეები ვერ იქნებიან პასუხისმგებლები პენიტენციურ სისტემაში 2018 წლის ივლისამდე პერიოდში გამოვლენილ დანაკლისებზე

 

2020 წლის 29 დეკემბერს ტელეკომპანია ტვ პირველის ეთერში გავიდა სიუჟეტი სახელმწიფო აუდიტის დასკვნაზე, რომელიც იუსტიციის სისტემის შემოწმების შედეგად გამოქვეყნდა.
29.12.2020
ბრალდებულ ი.მ.-ს უფლებები არ დარღვეულა, ვინაიდან პატიმრის პირადი ხასიათის კორესპონდენციის ადრესატისთვის გაგზავნას პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს

 

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ბრალდებულ ი.მ.-ს ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ბრალდებულის უფლებები დაარღვია და აცხადებს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური და ყველა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია მოქმედებს კანონის შესაბამისად, არ არღვევს არც ერთი ბრალდებულ/მსჯავრდებულის უფლებებს და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. კერძოდ, ბრალდებულის ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა შემდეგი განცხადება:

N8 დაწესებულების ნაწილის ადმინისტრაციამ ივერი მელაშვილს არ მისცა უფლება ჩემთვის, ადვოკატისთვის გადმოეცა საქმესთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებული წერილობითი ანალიზი, რითაც უხეშად დაარღვია დაცვის უფლება.“
ამასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ პატიმრობის კოდექსის მე-16 მუხლის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება. N8 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-40 მუხლის თანახმად, პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია მათ შორის საჩივარი, გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის კანონით დადგენილ პირთა წრე (საქართველოს პრეზიდენტი; საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი; საქართველოს პრემიერ-მინისტრი; სასამართლო და მათ შორის ადვოკატიც) მოცემული ჩამონათვალი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთაც მსჯავრდებულის კორესპონდენცია ეგზავნება პენიტენციური დაწესებულების ხარჯით.

კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს უსაფრთხოების შესაბამის ღონისძიებებს რათა, თავიდან იქნეს აცილებული ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის მიმოწერა. შესაბამისად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია დაუბრკოლებლად შეხვდეს ადვოკატს, მაგრამ ეს არ გულისხმობს რომ ადვოკატმა გამოიტანოს სხვა პირებთან გასაგზავნი კორსპოდენცია დაუბრკოლებლად, ამასთან, ადვოკატთა შესახებ კანონის თანახმადაც, პირადი ხასიათის კორესპონდენციის ადრესატამდე მიტანა სცილდება საადვოკატო საქმიანობის ფარგლებს. ამდენად, იმაზე საუბარი, თითქოს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ბრალდებულის უფლებები დაარღვია, საფუძველს მოკლებულია. ი.მ.-ს აქვს შესაძლებლობა მისთვის სასურველ ადრესატს გაუგზავნოს წერილი, რომლის ადრესატისთვის გაგზავნას საფოსტო გზავნილის სახით უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება.

 

28.12.2020