ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან მსჯავრდებულ დავით ჭაკუას გადმოყვანა განახორციელეს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ დავით ჭაკუას (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) გადმოყვანა განახორციელეს.
03.07.2020
ევროკავშირის მიერ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეფასდა
2 ივლისს ევროკავშირ-საქართველოს ადამიანის უფლებათა ყოველწლიური დიალოგის მე-13 რაუნდი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა და 2019 წლის მაისიდან დღემდე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით განვითარებული მოვლენები შეფასდა.
03.07.2020
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ევროპის საბჭოს საერთაშორისო პლატფორმაზე გამოქვეყნდა

ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფმა (Pompidou Group) საქართველოს პენიტენციური სისტემის მიერ კოვიდ19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.


„პომპიდუ ჯგუფის“ სპეციალურ პლატფორმაზე - https://www.savelivesprotectpeople.net/ სხვადასხვა ქვეყნების მიერ კოვიდ19-ის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების წარმატებული პრაქტიკების შესახებ არის ინფორმაცია განთავსებული. მათ შორის არის ინფორმაცია საქართველოს პენიტენციური სისტემის შესახებ. „პომპიდუ ჯგუფმა“ დადებითად შეაფასა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებები, განსაკუთრებით პენიტენციური სისტემის თანამშრომლების ყაზარმულ რეჟიმზე გადასვლა, რის შედეგადაც საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში დღეის მდგომარეობით ვირუსის არც ერთი არც საეჭვო და არც დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა, არც პატიმრებში და არც თანამშრომლებში.


საქართველო ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) წევრი მიმდინარე წლის მაისში გახდა. პლატფორმა აერთიანებს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა: საფრანგეთი, ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, ფინეთი, პორტუგალია და სხვა ევროპული ქვეყნები.


სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ მასალა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:
https://www.savelivesprotectpeople.net/english/learn-from-others/georgian-special-penitentiary-service.html?fbclid=IwAR2lLnMKASKYjcYUtHRvvsJxIqhbgVTq90O8TOorUQiLVYteumKLPguwWec

27.06.2020
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 2016 წლის იანვარში გუდაურის სათხილამურო ტრასაზე მომხდარი დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირის საქართველოში ექსტრადიცია განახორციელა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ 18 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკიდან მსჯავრდებულ გ.ლ.-ს ექტრადიცია განხორციელდა.


ინფორმაციისთვის, გ.ლ. ცნობილ იქნა დამნაშავედ 2016 წლის 10 იანვარს გუდაურის სათხილამურო ტრასაზე 12 წლის სალომე ტატიშვილის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისათვის (სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი). მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.


გ. ლ.-ს მიმართ 2019 წლის 6 მაისიდან გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.


2020 წლის 18 მარტს ძებნილი გ. ლ. დააკავეს ჩეხეთის რეპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა. 2020 წლის 27 მარტს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გ. ლ.-ს ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს. ქართული მხარის შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ სრულად დაკმაყოფილდა და 2020 წლის 11 მაისს გ. ლ.-ს შეეფარდა წინასაექსტრადიციო პატიმრობა.


საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, ქართულ მხარეს მიეცა 3-თვიანი ვადა საქართველოს სამართალდამცავების მიერ ძებნილი გ. ლ.-ს საქართველოში ექსტრადიციისათვის.


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და საქართველოს, ჩეხეთის რესპუბლიკისა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი და კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგად 2020 წლის 18 ივნისს ჩეხეთის რესპუბლიკიდან ავსტრიის რესპუბლიკაში სატრანზიტო გავლით საქართველოში ექსტრადირებულ იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი გ.ლ.


2020 წლის 18 ივნისს გ. ლ.-ს ეტაპირება საქართველოში განახორციელეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა.


მსჯავრდებული მოთავსებულია სპეციალურ საკარენტინო სივრცეში, სადაც იგი 21-დღიან საკარანტინო პერიოდს გაატარებს, ვინაიდან ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით უცხოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პატიმრები მიმდინარე წლის 13 მარტიდან მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებებში ვერ ხვდებიან. მიმღებ პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული მხოლოდ საკარანტინო პერიოდის გავლის და ვირუსზე ტესტირების შემდეგ იქნება გადაყვანილი, თუმცა დაწესებულებაშიც სპეციალურ სამედიცინო-საკარანტინო სივრცეში მოთავსდება, სადაც ასევე 21 დღეს გაატარებს და მხოლოდ მას შემდეგ შეერევა პენიტენციური დაწესებულების დანარჩენ კონტიგენტს, რაც მასთან დაკავშირებით ვირუსთან მიმართებაში ყოველგვარი ეჭვი იქნება გამორიცხული.

 

18.06.2020
თეა წულუკიანი: პენიტენციური სამსახური გამოიჩენს სათანადო სიმკაცრეს იმისთვის, რომ საპატიმრო საქართველოში დარჩეს ვირუსის მიღმა
"როდესაც დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ვირუსის რამდენიმე შემთხვევაა და დაინფიცირების წყარო ვერ დგინდება, ჩვენი ვალია, შემოვკრათ განგაშის ზარს და დღესვე მოვუწოდოთ საზოგადოებას - ვიყოთ ფრთხილად, ნუ მივიყვანთ მდგომარეობას იქამდე, რომ გამრავლდეს შემთხვევები, როდესაც არ გვეცოდინება დაინფიცირების წყარო", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
11.06.2020
თეა წულუკიანი: "ორშაბათიდან პენიტენციურ სისტემაში ხანმოკლე პაემნები აღდგება, მაგრამ მხოლოდ მინის ბარიერის პირობებში"
"მინდა უკვე დღეიდან იცოდეს საზოგადოებამ, რომ ვინაიდან საგანგებო მდგომარეობა სრულდება, ჩვენ ორშაბათს დილიდან უკვე შევძლებთ, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში აღვადგინოთ ხანმოკლე პაემნები, რომლებსაც როგორც პატიმრები, ასევე მათი ოჯახის წევრები რამდენიმე კვირაა ელიან", - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
22.05.2020
20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ყველა სახის ამანათის შეგზავნა განახლდება
20 მაისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან ყველა სახის ამანათების შეგზავნა განახლდება, მათ შორის ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პირადი მოხმარების საგნების, საკვები პროდუქტების და ა.შ. მოცემული გადაწყვეტილებით პენიტენციურ სისტემაში მოქმედი შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო.
18.05.2020
ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მოხსენებაში იუსტიციის მინისტრი არასრულწლოვანთათვის ე.წ. ოჯახური ტიპის ციხეების შექმნის პროექტზე ამახვილებს ყურადღებას

ევროპის საბჭომ აღდგენით მართლმსაჯულებასა და სასამართლო საქმისწარმოებაში ბავშვების მონაწილეობასთან დაკავშირებით ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირთა, მათ შორის საქართველოს ვიცეპრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სიტყვა გამოაქვეყნა. იუსტიციის მინისტრი ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს საქართველოს გამოცდილებას უზიარებს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის აღდგენითი მართლმსაჯულების ინსტრუმენტების გამოყენების კუთხით. თეა წულუკიანი თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ 2012 წლის შემდეგ ქვეყნისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში თავის დაღწევას ნულოვანი ტოლერანტობისგან, რაც გამოიხატებოდა არასაპატიმრო სასჯელების ნაცვლად პატიმრობის მასობრივი გამოყენებით.


„2015 წელს მიღებულმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსმა შემოიღო სრულიად ახალი მიდგომა კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთათვის, რომლის თანახმადაც, არასაპატიმრო ზომები იქცა ნორმად, ხოლო სისხლისსამართლებრივი სასჯელი – გამონაკლისად“, – აცხადებს იუსტიციის მინისტრი.


მან ყურადღება გაამახვილა ასევე არასრულწლოვანთათვის მცირე, ე.წ. ოჯახური ტიპის ციხეების შექმნის პროექტზე, სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის ინდივიდუალური მიდგომები იმუშავებს და გაძლიერდება პრობაციისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის კომპინენტები.


ყველა დოკუმენტი და მოხსენება, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსის, საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სოციალური დაცვის, ჯანმრთელობისა და მდგრადი განვითარების კომიტეტის წევრ შტეფან შენახის, ევროპის საბჭოს ბავშვთა უფლებების დაცვის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე მარია-ანდრიანი კოსტოპულუს და ევროპის საბჭოს მიგრაციისა და ლტოლვილთა გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, დრაჰოსლავ შტეფანეკის, განცხადებები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე

https://www.coe.int/en/web/presidency/georgia-news/-/asset_publisher/xRTT3jC6NrRc/content/justice-systems-must-help-children-overcome-fear-and-trauma-not-make-them-worse/16695?inheritRedirect=false&redirect=https%3A%2F%2Fwww.coe.int%2Fen%2Fweb%2Fpresidency%2Fgeorgia-news%3Fp_p_id%3D101_INSTANCE_xRTT3jC6NrRc%26p_p_lifecycle%3D0%26p_p_state%3Dnormal%26p_p_mode%3Dview%26p_p_col_id%3Dcolumn-4%26p_p_col_count%3D1&fbclid=IwAR02I7tvLNk3t5BZLvsBxcM_c4EbEl5BOVeZdw0iOCRgO5iZUd1ltqwuLSY
15.05.2020
სტრასბურგის სასამართლომ 2004-2007 წლებში სასჯელაღსრულების N5 დაწესებულებაში არასათანადო პირობებისა და მკურნალობის გამო დარღვევა დაადგინა

2020 წლის 14 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და 34-ე (ინდივიდუალური საჩივრის შეტანის უფლება) მუხლების დარღვევა დაადგინა.


საქმე ეხება მომჩივნების - ამირან და ნანა ქადაგიშვილებისა (პირველი და მეორე მომჩივანი -მეუღლეები) და მათი ერთ-ერთი შვილის - არჩილ ქადაგიშვილის (მესამე მომჩივანი) მიერ წარდგენილ საჩივარს, 2004-2007 წლებში პირველი და მესამე მომჩივნის პატიმრობის არასათანადო პირობებთან და მკურნალობასთან დაკავშირებით.


საქმის გარემოებების თანახმად, 2004 წლის ივლისში ამირან და არჩილ ქადაგიშვილები დააკავეს სხვადასხვა ფინანსური დანაშაულის საფუძველზე, რომელიც უკავშირდებოდა პირველი მომჩივნის მიერ დაარსებული კომპანიის - „გამაბანკის“ საქმიანობას. 2004 წლის სექტემბერში, აგრეთვე დაკავებულ იქნა მეორე მომჩივანი - ნანა ქადაგიშვილი.


ევროპული სასამართლოს წინაშე, კონვენციის მე-3 მუხლის საფუძველზე ამირან და არჩილ ქადაგიშვილები დავობდნენ, რომ თბილისის N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრობის პირობები იყო ძალიან ცუდი. კერძოდ, მათ საკანში იყო სიბინძურე და მწერები. 10 კვ. მ. საკანი საერთოდ არ ნიავდებოდა და ორი მომჩივნის გარდა ოთხი სხვა პატიმარი იხდიდა სასჯელს, რომლებიც აქტიური მწეველები იყვნენ. მომჩივნები ვერ სარგებლობდნენ გასეირნების უფლებით. ამასთან, საკანში არ ჰქონდათ საპირფარეშო და დღეში მხოლოდ სამჯერ, კონკრეტულ დროებში შეეძლოთ საკნის გარეთ არესბული საპირფარეშოთი სარგებლობა.


ასევე, მომჩივნებს არ მიუღიათ თავიანთი ჯანმრთელობის პრობლემების შესაბამისი მკურნალობა (პირველ მომჩივანს აწუხებდა II ტიპის დიაბეტი, ხოლო მესამე მომჩივანს - ადენომა).


აღსანიშნავია, რომ 2006 წლის დეკემბრიდან მომჩივნები გადაიყვანეს რუსთავის N2 დაწესებულებაში, თუმცა 2007 წლის 15 აგვისტოს მომჩივანთა წარმომადგენლებმა ევროპულ სასამართლოს მიმართეს ამირან და არჩილ ქადაგიშვილების ჯანმრთელობის გაუარესების თაობაზე. იმავე წლის 22 აგვისტოს, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მთავრობას დააკისრა დროებითი ღონისძიება და მოუწოდა, ისინი გადაეყვანა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. 2007 წლის 12 სექტემბერს მთავრობამ სასამართლოს აცნობა, რომ არ არსებობდა პირველი მომჩივნის გადაყვანის საჭიროება, ვინაიდან რუსთავის ციხე სათანადოდ იყო აღჭურვილი, სადაც მომჩივანს მეთვალყურეობდა სამედიცინო პერსონალი. მესამე მომჩივანთან დაკავშირებით მთავრობამ განმარტა, რომ 2007 წლის 1-ელ სექტემბერს იგი მოათავსეს ციხის საავადმყოფოში, სადაც მას საჭირო მკურნალობას უტარებდნენ. პირველი და მესამე მომჩივანი დავობდნენ, რომ მთავრობის მიერ სათანადოდ არ იქნა შესრულებული ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული დროებითი ღონისძიება, რაც არღვევდა კონვენციის 34-ე მუხლს.


მომჩივნები აგრეთვე დავობდნენ, რომ მათ მიმართ დაირღვა კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) დ მე-7 (არავითარი სასჯელი კანონის გარეშე) მუხლები და დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების დაცვა).


ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების თანახმად, 2004-2007 წლებში ამირან და არჩილ ქადაგიშვილების მკურნალობა და მათი პირობები N5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იყო არასათანადო, რის გამოც დაირღვა ევროპულ კონვენციის მე-3 მუხლი (წამების აკრძლავა). აგრეთვე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა კონვენციის 34-ე მუხლის (ინდივიდუალური საჩივრის შეტანის უფლება) დარღვევა, რადგან საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ პირველ მომჩივანთან მიმართებით არ შეასრულა ევროპული სასამართლოს მიერ დაწესებული დროებითი ღონისძიება და ამირან ქადაგიშვილი არ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში სამკურნალოდ. სასამართლომ სხვა გასაჩივრებული მუხლების დარღვევა არ დაადგინა.


აღნიშნული დარღვევების გამო ამირან და არჩილ ქადაგიშვილების სასარგებლოდ საქართველოს დაეკისრა 12 000 – 12 000 ევროს გადახდის ვალდებულება.

14.05.2020