ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
ახალი ამბები
ვიდეოჩანაწერების შექმნა და დაარქივება, რომლებიც იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტში იქნა ნაჩვენები, სახელმწიფო ინსპექტორმა კანონიერად მიიჩნია

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 2020 წლის 20 მარტის N გ - 1/100/2020 გადაწყვეტილებით შეაფასა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ 2020 წლის 21 იანვარს იუსტიციის მინისტრის მიერ პარლამენტში გასაჯაროებული ვიდეოჩანაწერების შექმნის, მოპოვების, შენახვისა და გამჟღავნების კანონიერება. საქმე ეხება 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის საპასუხოდ გასაჯაროებულ ვიდეომასალას.

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უფლებამოსილია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პირებთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე. მოცემული დასკვნით, გამოირიცხა ყოველგვარი კითხვის ნიშნები ჩანაწერის დამზადების კანონიერებასთან დაკავშირებით.

ასევე, ინსპექტორის გადაწყვეტილების თანახმად, პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების დაარქივება/შენახვისას არცერთ შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობით გათვალიწინებული მოთხოვნების დარღვევას.

ინსპექტორის გადაწყვეტილებაში ასევე ცალსახად არის მითითებული, რომ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, როგორც პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებას, სპეციალური პენიტენციური სამსახურის რეპუტაციის, მასში დასაქმებული პირების ინტერესების დაცვისა და სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მითითებული გარემოებების უსაფუძვლობის დადასტურების მიზნით, გააჩნდა საზოგადოებისთვის საპასუხო არგუმენტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის უფლება.

ამით ინსპექტორის აპარატმა გაიზიარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებისას სამსახურის მიზანს წარმოადგენდა პენიტენციურ სისტემაში დასაქმებული თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვა, რომლებიც საკუთარი სიცოცხლისა და პირადი ღირსების შელახვის ფასად ახერხებენ მსჯავრდებულებზე ზრუნვას და დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ამ პირობებში სახალხო დამცველის ანგარიში, რომელიც რეალობაზე მეტად ასახავდა არსებულ ნაკლოვანებებს არნახული მასშტაბით და უმეტეს შემთხვევაში ცდილობდა არარსებული რეალობის წარმოჩენას, საჭიროებდა სამსახურის მხრიდან შესაბამის ქმედებას. სწორედ პენიტენციურ სამსახურში და პენიტენციურ დაწესებულებებში მომუშავე პირების კანონიერი ინტერესების, სამსახურის რეპუტაციის დაცვისა და რეალური სურათის ჩვენებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით (რაც გამოწვეულია პენიტენციურ სისტემაში 2012 წლამდე არსებული უმძიმესი მდგომარეობით, რადგან პატიმრებზე ძალადობა ქართული საზოგადოებისთვის არის მეტად სენსიტიური და მნიშვნელოვანი საკითხი) მიიღო სამსახურმა ზემოთხსენებული ჩანაწერების გასაჯაროების გადაწყვეტილება.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოჩანაწერების ჩაწერა/დაარქივების და გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ჩანაწერების ჩაწერა/დაარქივებასთან არსებობდა კითხვის ნიშნები, სახელმწიფო ინსპექტორის მოცემული გადაწყვეტილებით არ იქნა გაზიარებული და ჩანაწერების როგორც შექმნა, ისე მათი შენახვა და დაარქივება კანონიერად იქნა მიჩნეული.

 

სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ ოფიციალურად მიეწოდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, იხილეთ აქ:

1N100_გადაწყვეტილება_-_სპეციალური_პენიტენციური_სამსახურის_შემოწმების_დასრ..._00000002

 

27.03.2020
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი განსაკუთრებული პირობები ორი კვირის ვადით გახანგრძლივდა

 

ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი განსაკუთრებული პირობები ორი კვირის ვადით, 20 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გახანგრძლივდა.
19.03.2020
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული განსაკუთრებული პირობების პერიოდში პატიმრები უფასო სატელეფონო ზარებით ისარგებლებენ
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 16 მარტიდან პენიტენციურ სისტემაში განთავსებული პატიმრებისთვის სატელეფონო საუბრებზე შეღავათი ამოქმედდა. ინიციატივის შესაბამისად, თითოეულ პატიმარს მისთვის კანონით დადგენილ ფასიან დროზე 15-წუთიანი უფასო სასაუბრო დრო დაემატა, რაც პაემნების დროებით აკრძალვიდან გამომდინარე, პატიმრებისთვის გარკვეული შეღავათია.
17.03.2020
ერთი კვირაა, რაც საეჭვო სიმპტომების მქონე ახალდაკავებული პირი პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ ხვდება
მთავრობის უწყებათშორისი საკოორდონაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას განაგრძობს.
16.03.2020
შაბათ-კვირას პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები გაგრძელდა
მთავრობის უწყებათშორისი საკოორდონაციო საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად, გრძელდება პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.
16.03.2020
გიორგი პატარიძე გლდანის საპატიმროში საკნებისა და სხვა სივრცეების ეტაპობრივი რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი, გიორგი პატარიძე გლდანის საპატიმროში საცხოვრებელი საკნებისა და სხვა სივრცეების ეტაპობრივი რეაბილიტაციის სამუშაოებს გაეცნო.

N8 პენიტენციური დაწესებულება (გლდანის საპატიმრო) 2007 წლის დეკემბერში გაიხსნა, რის შემდეგაც დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა. მხოლოდ 2014 წელს გარემონტდა ერთი ფლიგელი, სადაც არასრულწლოვანი ბრალდებულები არიან განთავსებულნი. დღეის მდგომარეობით, მთელ დაწესებულებაში შესაკეთებელია სავენტილაციო სისტემა, ელექტროგაყვანილობა, ასევე პატიმრების საცხოვრებელ საკნებსა და სხვა სივრცეებში არის რემონტი ჩასატარებელი. ვინაიდან დაწესებულებაში 2800-მდე პატიმარი არის განთავსებული და შეუძლებელია სარეაბილიტაციოდ საპატიმროს სრულად დაცლა, ამიტომ სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად, ფლიგელ-ფლიგელ მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან 11 მარტამდე პერიოდში ჩაუტარდა ფლიგელს, რომელშიც 15 საკანია განთავსებული და 75 პირზე არის გათვლილი. ფლიგელში შეიცვალა კომუნიკაციები, დამონტაჟდა სავენტილაციო სისტემა და სრულად გარემონტდა საკნები და დერეფნები. ამასთან, ფლიგელში მოეწყო ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან შეხვედრის ოთახი და "ჩ" ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული პატიმრებისთვის ექიმთან შეხვედრის და წამლის მისაღები ოთახი, რაც დაწესებულების მოცემულ კორპუსში მანამდე არ არსებობდა.

გიორგი პატარიძის თქმით, სარემონტო სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება და წლის ბოლომდე მთელ დაწესებულებას მოიცავს.
"N8 პენიტენციურ დაწესებულებაში საცხოვრებელი საკნების კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს. დღეიდან ჩვენს მსჯავრდებულებს საშუალება ექნებათ, რომ სასჯელის მოხდა გააგრძელონ ახლადგარემონტებულ საკნებში. ეს პროექტი რა თქმა უნდა, გაგრძელდება და წლის ბოლომდე სრულად იქნება გარემონტებული ყველა საკანი", - განაცხადა გიორგი პატარიძემ.
14.03.2020
პენიტენციურ დაწესებულებებში განმეორებითი სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაწესებულებებთან არსებულ საზოგადოებრივ მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება.
13.03.2020
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით,საქართველოს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში და დაწესებულებებთან არსებულ საზოგადოებრივ მისაღებებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
07.03.2020
ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირის ვადით განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონა-ვირუსით 2019-nCov გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N 164 განკარგულების პირველი პუნქტით დამტკიცებული გეგმის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, პატიმრობის კოდექსის 58-ე მუხლისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის N366 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ და „ღ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გამოსცა ბრძანება 2020 წლის 5-დან 19 მარტის ჩათვლით პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღებასთან დაკავშირებით.
05.03.2020