პენიტენციური ჯანდაცვის ძირითადი პრინციპები
- პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურებაზე - ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს ექიმთან შეუზღუდავი კონტაქტის უფლება, რაც გულისხმობს დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოხვედრისთანავე მონახულებას, სათანადო გამოკითხვას, გარეგან დათვალიერებას (დაზიანებების აღწერას, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და, საჭიროებისამებრ, სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესის დაგეგმვას.

- პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურება – დაწესებულების სამედიცინო პერსონალი უნდა უზრუნველყოფდეს მკურნალობის, მოვლის და რეაბილიტაციის იგივე სტანდარტს, რაზეც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ხელი მიუწვდებათ სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში. დაწესებულების სამედიცინო პერსონალი უნდა აკმაყოფილებდეს სახელმწიფოში არსებულ სამედიცინო მომსახურების სტანდარტებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფსიქიატრიული მომსახურების მიწოდებას, რადგან დაწესებულების პოპულაციაში ფსიქიკური აშლილობების რისკი მკვეთრად მეტია.
- პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულისაგან / მსჯავრდებულისაგან ინფორმირებული თანხმობის მიღება და კონფიდენციალობის დაცვა - ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა მიეწოდოს სრული ინფორმაცია სამედიცინო კვლევების, მკურნალობის, მისი პროგნოზის შესახებ. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს უფლება მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია განიხილოს ნათესავებთან ან სხვა ექიმთან. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს უფლება უარი განაცხადოს მკურნალობაზე. ბრალდებული/მსჯავრდებულის შესახებ სამედიცინო ინფორმაცია კონფიდენციალურია.
- პრევენციული ზომების გატარება – დაწესებულების სამედიცინო პერსონალის ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მკურნალობით, არამედ მოიცავს მათ ფსიქო-სოციალურ დახმარებას და პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჰიგიენის, გადამდები დაავადებების, სუიციდის პრევენციის, ძალადობის აღკვეთის საკითხებს, ასევე, სოციალური და ნათესაური კავშირების შენარჩუნებას.

- ჰუმანიტარული თანადგომა – ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შორის უნდა იყოს იდენტიფიცირებული მოწყვლადი კატეგორიები, რომელთაც განსაკუთრებული მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ყურადღება უნდა გამახვილდეს ქალებზე, დედათა და ბავშვთა საკითხზე, არასრულწლოვან ბრალდებულებზე/მსჯავრდებულებზე და მათზე, ვისაც პიროვნული აშლილობები აღენიშნებათ.
- პროფესიული დამოუკიდებლობა – დაწესებულების სამედიცინო პერესონალის მიერ მათი მოვალეობის შესრულებისას დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან ჩარევის დაუშვებლობა, სამედიცინო პერსონალი პროფესიული მოვალეობის განხორციელებისას დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს მხოლოდ სამედიცინო კრიტერიუმების გათვალისწინებით.
- პროფესიული კომპეტენცია – დაწესებულების სამედიცინო პერსონალი დამატებით უნდა იყოს აღჭურვილი სათანადო ცოდნით და უნარებით, რათა მოახდინოს სამედიცინო პრაქტიკის ადაპტირება პატიმრობით/თავისუფლების აღკვეთით გამოწვეული რისკ ფაქტორების მიმართ.
- ინტეგრაცია - პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ჯანდაცვა ინტეგრირებული უნდა იყოს ეროვნულ ჯანდაცვის სისტემაში, რათა მისმა იზოლირებამ საფრთხე არ შეუქმნას სამედიცინო მომსახურების ხარისხს და ხელმისაწვდომობას.