ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება

მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლება და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა

 

სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო გახლავთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოები.

 

აღნიშნული მექანიზმი შესაძლებლობას იძლევა ეფექტურად და ობიექტურად იქნეს განხილული თითოეული მსჯავრდებულის პირადი საქმე და ზეპირი მოსმენით საკითხის განხილვის შემთხვევაში, საბჭომ უშუალოდ მსჯავრდებულთან გასაუბრების შედეგად მიიღოს გადაწყვეტილება.

 

აღსანიშნავია, რომ საბჭოების მუშაობაში მონაწილეობენ სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, არასამთავრობო სექტორის, იუსტიციის საბჭოსა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

 

საბჭოები უწყვეტი მუშაობის რეჟიმში ყოველთვიურად იხილავენ მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხებს.

 

პროცედურული საკითხები:

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს N320 ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების რაოდენობა და ტერიტორიული განსჯადობა განისაზღვრა შემდეგნაირად:

ა) აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

ბ) აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო – განიხილავს ქალაქ რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა)  სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

გ) აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო – განიხილავს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციური დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

 

დ) დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო – განიხილავს ქალაქ ბათუმის, ქალაქ ქუთაისისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციურ დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

ე) არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით;

 

ვ) ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო – განიხილავს პენიტენციური დაწესებულების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულების სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით.

მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

 

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი;

 

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;

 

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი;

 

დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა „პატიმრობის კოდექსის“ მე-40 მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე;

 

ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.

 

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

 

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;

 

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ნახევარი;

 

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი მესამედი.

 

თუ მსჯავრდებულმა, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ოცი წელი, სასამართლო უფლებამოსილია იგი პირობით გაათავისუფლოს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

 

მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს 6 თვეზე ნაკლები.

 

მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

 

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;

 

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი;

 

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი;

 

დ) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს, ხოლო პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა „სისხლის სამართლის“ კოდექსის 72- ე მუხლის მე -6 ნაწილის საფუძველზე;

 

ე) ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.

 

მსჯავრდებულს, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, სასჯელის მოუხდელი ნაწილი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეიძლება შეეცვალოს მხოლოდ მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:

 

ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მეოთხედი;

ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი;

გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი.

 

მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები. ეს წესი არ ვრცელდება მსჯავრდებულზე, რომელსაც დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი.

 

მსჯავრდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიძლება შეეცვალოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის თხუთმეტი წელი და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ საჭირო აღარ არის მსჯავრდებულის მიერ ამ სასჯელის მოხდის გაგრძელება.

 

 

საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

 

ა) სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების/გათავისუფლებაზე უარის თქმის თაობაზე;

ბ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის/შეცვლაზე უარის თქმის თაობაზე.

 

საბჭოს მუშაობის სპეციფიკა:


როგორც წესი, ყოველი თვის 10 რიცხვამდე საბჭოში შემოსული შუამდგომლობები, რომლებიც წარმოებაში იქნება მიღებული, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილება მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.

 

საბჭო მსჯავრდებულის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ხელმძღვანელობს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს   მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის №320 ბრძანებით დადგენილი შეფასების კრიტერიუმებით.

 

სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით - შინაპატიმრობით შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები:

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს შესაბამისი ოფიცერი შინაპატიმრობის შესახებ სამართლებრივი აქტის წარმოებაში მიღებიდან სამი სამუშაო დღის ვადაში, სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომელთან ერთად ადგენს მსჯავრდებულის მიმართ შინაპატიმრობის (ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებით ან მის გარეშე) აღსრულების ფორმას.

 

თუ მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი საბჭოს წარუდგენს შუამდგომლობას სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე და საბჭო ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას საკითხის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, მსჯავრდებული, მისი დამცველი, კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი, ვალდებულია ზეპირი მოსმენით სხდომის გამართვამდე, საბჭოს წარუდგინოს ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების:

ა) საბანკო გარანტია ან

ბ) სააგენტოს სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე შესაბამისი თანხის განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი ან

გ) აპარატურის დაზღვევის შესახებ შესაბამისი სადაზღვევო პოლისი.

 

იმ შემთხვევაში, თუ სამსახურის ადგილობრივ საბჭოს გადაწყვეტილების მიღებამდე წარედგინა აპარატურის სრული ღირებულების ოდენობით ფულადი თანხის - 5000 ლარის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი და სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით– შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, სააგენტოს დეპოზიტზე განთავსებული თანხა, შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სრულად უბრუნდება თანხის შემომტან პირს, სააგენტოში წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, მის მიერ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე. წერილობით მოთხოვნას თან უნდა დაერთოს სააგენტოს დეპოზიტზე თანხის განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი და თანხის შემომტანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

საბჭოსადმი მიმართვა:


თუ მსჯავრდებულმა ფაქტობრივად მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საბჭოს დაუყოვნებლივ წარუდგინოს შესაბამისი შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას დამატებითი დრო სჭირდება, პენიტენციური დაწესებულება უფლებამოსილია აღნიშნული შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ, საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია.

 

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმის განხილვისას მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიექცეს არასრულწლოვნის ცხოვრების, აღზრდის, განვითარების პირობებს, ოჯახურ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, რაც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

 

არასრულწლოვანი მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა ყოველ სამ თვეში.


საბჭოსადმი განმეორებით მიმართვა:

თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხებზე მსჯავრდებულის შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს, ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება.

 

საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება:

 

საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში მხარის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 1 თვის ვადაში.

სასამართლო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) ძალაში დატოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა;

გ) ბათილად ცნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

FaceBook Twitter